სოფო კილაძე: ზაზა ოქუაშვილი სად იყო ამდენი წელი და წინასაარჩევნოდ რატომ „გაახსენდა“ სამშობლოზე „ზრუნვა“?
საინტერესოა, ზაზა ოქუაშვილი სად იყო ამდენი წელი და მაინც და მაინც ახლა, წინასაარჩევნოდ რატომ „გაახსენდა“ სამშობლოზე „ზრუნვა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, სოფო კილაძემ “ომეგა ჯგუფის” ირგვლივ განვითარებული პროცესების თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ და მისი თავმჯდომარის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ძალიან ბინძური კამპანია.
„ქართული ოცნების“ და მისი თავმჯდომარის წინააღმდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ძალიან ბინძური კამპანია. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება წინასაარჩევნოდ. ის რეჟიმი, რომელიც იყო ადამიანის ღირსების შელახვის, გაუპატიურების, წამებისა და მკვლელობის, ელიტური კორუფციის, შანტაჟის და საკუთარი მოქალაქეების თვალთვალის შემოქმედი, დღესაც აგრძელებს თავის უღირს საქმიანობას იმავე ბინძური მეთოდებით. თავისი დანაშაული ცდილობს ხელისუფლებას გადააბრალოს. ამ ძალას შავი კამპანიის წარმოებაში გვერდით უდგას “რუსთავი2-ის” პროპაგანდისტული მანქანა. საინტერესოა, ზაზა ოქუაშვილი სად იყო ამდენი წელი და რატომ მაინც და მაინც ახლა წინასაარჩევნოდ „გაახსენდა“ სამშობლოზე „ზრუნვა“ და „თავდადება“? ისიც ძალიან საინტერესოა, თუ ყველაფერს იწერდა, ბატონ ივანიშვილთან საუბარი რატომ არ ჩაიწერა? ნათელია, რომ ამ კაცს, რომელსაც 50 მილიონზე მეტი აქვს ვალი ბიუჯეტის, 80 მილიონზე მეტი აქვს ბანკის ვალი, უნდა თავი აარიდოს ვალის გადახდას. ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ “რუსთავი 2-ის” და ოქუაშვილის მიერ გავრცელებული ჩანაწერების ნაწილი არის გაყალბებული. მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, რომ მაქსიმალურად დროულად უზრუნველყონ ჩანაწერების ავთენტურობის საკითხის გარკვევა, რათა კიდევ ერთხელ დაინახოს საზოგადოებამ ამ უღირსი ადამიანების ნამდვილი სახე. ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების კეთილგონიერების და მჯერა, რომ ჩვენი ხალხი ნამდვილად ბრძენია, აქვს კარგი ანალიზის უნარი და შესაბამის დასკვნასაც კარგად გამოიტანს, ვის მიერ და რატომ ხდება ეს ყველაფერი”, – განაცხადა სოფო კილაძემ.