გიორგი მარგველაშვილმა უნგრეთის პრემიერთან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ინტენსიფიკაციის საკითხები განიხილა

ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ნატო-ს ახალ სათაო ოფისში გიორგი მარგველაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან ის საკითხები განიხილა, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის პროგრესს უკავშირდება და რომელიც საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხება.
გიორგი მარგველაშვილმა უნგრეთს მადლობა გადაუხადა დღეს ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერისათვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად.
შეხვედრაზე განიხილეს ის სამუშაო, რომელიც საქართველომ მეგობარ ქვეყნებთან ერთად უნდა ჩაატაროს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით შესაძლებლობათა ფანჯრის გაჩენასთან დაკავშირებით. ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა უნგრეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, მისასალმებელია ნატო-ს პოზიცია, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რათა საქართველოს მომზადება მოხდეს წევრობისთვის.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კონტექსტში უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა და აღინიშნა, რომ ქართულ-უნგრულ პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას ახალ სტიმულს შესძენს უნგრეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები საქართველოში.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდებისათვის იმ შესაძლებლობის მიცემა, რომლითაც ისინი უნგრეთის მთავრობის სტიპენდიებით სარგებლობენ და უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ევროპულ განათლებას იღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები