ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობენ

14-16 მაისს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს, რომელშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა მასპინძლობს.
14 მაისს, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ EBRD-ის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის გახსნაში. 15 მაისს, EBRD-ის დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე დაგეგმილია ევროპის რეკონსტრუციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მმართველის, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის სიტყვით გამოსვლა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები EBRD-ის პრეზიდენტთან სერ სუმა ჩაკრაბარტისთან, EBRD-ის მმართველ დირექტორთან ოლივიე დაკამთან (Olivier Descamps), ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ვილჰელმ მოლტერერთან (Wilhelm Molterer), პოლონეთის ეროვნული ბანკის მმართველთან მარეკ ბელკასთან.
როგორც ცნობილია, 2015 წელს ევროპის რეკონსტრციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრას და ბიზნესფორუმს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს. აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2014 წლის შეხვედრაზე საქართველო ოფიციალურად წარმოდგენილი იქნება როგორც EBRD-ის მომავალი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა. ეს იქნება ასეთი მასშტაბის პირველი შეხვედრა კავკასიის რეგიონში.
საინვესტიციო სესიაზე, სახელწოდებით “Georgia-New Frontier for Opportunities,” რომელშიც მონაწლეობას 100-ზე მეტი ბიზნესმენი მიიღებს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პოტენციურ ინვესტორებს და EBRD-ის ხელმძღვანელობას გააცნობს ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის “საქართველო 2020”-ის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისაუბრებს ქვეყნის საინვესტიციო, ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ.
მოეწყობა საქართველოს შესახებ საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდება და მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს. ფორუმის ფარგლებში ასევე მოეწყობა სპეციალური კუთხე საქართველოს შესახებ, სადაც გამოიფინება საინფორმაციო ბუკლეტები, ბროშურები, საპრეზენტაციო მასალები, რაც ბიზნესფორუმში მონაწილეებს საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ ჩვენს ქვეყანას. მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაცია.
თბილისში EBRD-ის 2015 წლის წლიური შეხვედრის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება EBRD-ის მმართველთა საბჭომ მიიღო. აღნიშნულზე განცხადება EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დავოსში ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს გააკეთა. წლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის გამართვა დაგეგმილია 2015 წლის 14-15 მაისს. EBRD-ის წევრია 64 ქვეყანა და 2 საერთაშორისო ორგანიზაცია (EU და EIB).
თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ EBRD-ის მმართველები, რომელთაგან 34 ფინანსთა მინისტრია, აგრეთვე ალტერნატიული მმართველები, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები. საქართველომ თბილისში შეხვედრის ორგანიზებაზე ოფიციალურად განაცხადი გააკეთა 2013 წლის მაისში. ამავე წლის სექტემბერში თბილისში იმყოფებოდა EBRD-ის მისია, რომელმაც შეისწავლა წლიური შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები, რაც EBRD-ის მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები