გელა კანდელაკს ლიეტუვის პრეზიდენტის ჯილდო გადაეცემა
კინორეჟისორ, სცენარისტსა და პროდიუსერს, ხელის ჩრდილების თეატრისა და საგანმანათლებლო ფილმების სტუდია „კვალი XXI“-ის დამფუძნებელს, გელა კანდელაკს ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე დააჯილდოვებს.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, გელა კანდელაკს ჯილდო ლიეტუვის წინაშე დამსახურებისთვის გადაეცემა.
გელა კანდელაკს წლების წინ ლიეტუვაში წასვლას და იქ პედაგოგიურ მოღვაწეობას, ლიეტუვის ჩრდილების თეატრის შექმნას სთავაზობდნენ. რეჟისორმა საქართველოში დარჩენა და ქართულ დასთან მუშაობა გააგრძელა.
ამის შემდეგ ლიეტუველი შეგირდები საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი გელა კანდელაკთან 2 წელი ეუფლებოდნენ ჩრდილების ხელოვნებასა და მსახიობის ოსტატობას.
2017 წლის 27 მაისს, მთელს მსოფლიოში უნიკალური, ქართული, ხელის ჩრდილების თეატრი, საერთაშორისო ბრენდი გახდა: შეიქმნა შვილობილი ბრენდი „ბუდრუგანა-ლიეტუვა“. მათ პირველი სპექტაკლი თბილისში ითამაშეს. ლიეტუვაში დაბრუნების შემდეგ კი თავიანთ ქვეყანაში განაგრძეს სპექტაკლების წარმატებით ჩვენება.
გელა კანდელაკის დაჯილდოების ცერემონიალი ვილნიუსში პრეზიდენტის სასახლეში 6 ივლისს გაიმართება.