ლუკა ხატიაშვილის რომანის წარდგენა გაიმართება
2 ივლისს, 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლუკა ხატიაშვილის მეორე რომანის, „შერწყმის” წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ავტორი ამჟამად ქმნის დისტოპიას ქალაქის სახით, სადაც რეალობა დამსხვრეულია და ყოველი პერსონაჟი წილხვედრია ნამსხვრევისა, რომელიც, ერთდროულად, აშორებს და აახლოებს მათ. სიუჟეტის განვითარებას ერწყმის პერსონაჟების ინდივიდუალური ისტორიები, მათი ცხოვრება და კითხვა, რომელსაც ყველა თავის თავს უსვამს: რა არის ეს ქალაქი? სწორედ ამ დაუნდობელ გარემოში იბადება ელიოზი, რომელიც არის შერწყმა ორი სხეულისა, თუმცა ელიოზს რთულად ეწოდება პროტაგონისტი, რადგან სასტიკი რეალობისა და გაბოროტებული საზოგადოების პირისპირ, ის კვლავ დაშლის პირას მიდის და რჩება მხოლოდ ერთადერთი გზა გადასარჩენად – გაქცევა.
წარდგენაზე წიგნის შეძენა ფიქსირებულ ფასად – 10 ლარად შეიძლება.