ელგუჯა ხოკრიშვილი ინდური კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და მინისტრის მოადგილეები დღეს ერთ-ერთი მსხვილი ინდური კომპანიის – „შაპურჯი პალონჯის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, მრავალპროფილიანი ჰოლდინგი „შაპურჯი პალონჯი“ 25-ზე მეტ სამშენებლო კომპანიას აერთიანებს, მათ შორის „აფკონსსაც“, რომელიც საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესებში ჩართვით არის დაინტერესებული. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველმა პირებმა ინდური კომპანიის წარმომადგენლებს სამინისტროს ძირითადი მიმართულებები გააცნეს და ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომელსაც უწყება ახორციელებს როგორც საგზაო სექტორის, ისე გვირაბების მშენებლობის მიმართულებით.
„შაპურჯი პალონჯის“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მიიღებენ მონაწილეობას. ინდურ მხარესთან თანამშრომლობისთვის ქართულმა მხარემაც გამოხატა მზაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები