„ბოლო ორი წელია, საქართველომ განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგა ეკონომიკური განვითარების კუთხით“
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა არის არა იმედი, არამედ დამდგარი ფაქტი. სულ მალე საქართველო ოფიციალურად მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველოში ვიზიტი სწორედ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობით დაიწყო, რადგან სურდა, ფრანგ მწარმოებლებს ადგილზე ენახათ და მოესმინათ იმ პროგრესის შესახებ, რასაც საქართველომ მიაღწია.
“ბოლო ორი წელია, რაც საქართველომ განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგა ეკონომიკური განვითარების კუთხით. მე მოწმე ვხდები და ვუყურებ ამ პროგრესს და კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენ ბევრი გვაქვს ერთად გასაკეთებელი. გარდა პოლიტიკური საკითხებისა, ჩვენთვის პრიორიტეტია ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება. საქართველოს ბევრი სარგებელი გააჩნია ინვესტორებთან დაკავშირებით. პირველი არის სტაბილური და გარანტირებული ჩარჩო საკანონმდებლო თუ ფისკალური თვალსაზრისით, რასაც ინვესტიორები ყველგან მოითხოვენ და არა მარტო საქართველოში. მეორე – მისი გეოგრაფიული მდებარეობაა. ესაა შესაძლებლობა, საქართველო იყოს სატრანზიტო ადგილი – ტრანსფორმაციების, ცვლილებების ადგილი. გარდა ამისა, ყველანაირი პირობა არსებობს, რომ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით საქართველომ დააკმაყოფილოს არა მხოლოდ თავისი, არამედ სხვა ქვეყნის მოთხოვნებიც და ბოლოს – მესამე პრიორიტეტი, მთავარი კოზირი რაც მას აქვს, მთავრობის კეთილი ნებაა, მოახდინოს ეკონომიკის მოდერნიზება, გაატაროს კარგი რეფორმები. ეს ფრანგი მწარმოებლების კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს”,-აღიშნა ფრანსუა ოლანდმა.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბიზნესსაქმიანობისთვის ხელსაყრელ გარემოსა და მის განსაკუთრებულ ადგილმდებარეობაზე. მისი თქმით, ქვეყანა ინვესტორებს და ბიზნესს სთავაზობს სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს მყარი სუვერენული ბალანსითა და ძლიერი, კონსერვატული საბანკო სექტორით; ლიბერალურ საგადასახადო სისტემას დაბალი გადასახადების ექვსი ფიქსირებული ტიპით; განვითარებულ და მუდმივად მზარდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ვაჭრობის, ლოგისტიკისა და წარმოებისთვის, რაც მოიცავს მულტიმოდალურ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციებს;
სტაბილურად და კონკურენტული ტარიფებით მოწოდებულ ენერგორესურსებს; კვალიფიცურ და კონკურეტულად განფასებულ სამუშაო ძალას.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობასაც შეეხო და განმარტა, რომ ინოვაციებით და თანამედროვე ტენოლოგიების ეფექტური გამოყენებით გამორჩეული ფრანგული ბიზნესის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა კიდევ უფრო იზრდება და ახალ, ფართო შესაძლებლობებს წარმოაჩენს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ივნისში ხელმოწერით. მჯერა, რომ ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ამ შეთანხმების ფარგლებში წარმოიშობა, ხელს შეუწყობს საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით რამდენიმე ხელშეკრულებას.