საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის შეთანხმებები გაფორმდა

საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ვიზიტის და ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის ხელშეწყობისა და დიასპორის საკითხებში სახელმწოფო მდივანმა ფლორ პელერენმა (FLEUR PELLERIN) ხელი მოაწერეს „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების (PROPARCO) დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ“ შეთანხმებას.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, PROPARCO AFD დამხმარე ორგანიზაციაა და აფინანსებს პროექტებს კერძო სექტორში. ორივე ორგანიზაცია შედის AFD – ჯგუფში, რომელიც საფრანგეთის სახელმწიფოს ოფიციალურ მხარდაჭერას დაახლოებით 80 ქვეყანაში ახორციელებს და დაახლოებით 60 ადგილობრივი წარმომადგენლობითი ოფისი გააჩნია. შეთანხმების მიზანია, AFD – ჯგუფის საქმიანობის ხელშეწყობა საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ იგეგმება AFD – ჯგუფის მიერ თბილისში წარმომადგენლობითი ოფისის დაარსება, რომელიც, საქართველოს გარდა, რეგიონის სხვა ქვეყნებსაც მოემსახურება. საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა „ფინანსურ პროტოკოლს“, რომელიც ქალაქ ჭიათურაში საბაგიროების განახლებას ეხება. პროექტის განხორციელების მიზნით საფრანგეთი გამოყოფს 13 200 000 ევროს შეღავათიანი სესხის სახით. პროექტის განხორციელების მიზნით ხელშეკრულება ახლო მომავალში გაფორმდება საქართველოს მთავრობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფრანგულ კომპანია POMAGALSKI – ის შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები