ლიტერატურული მარათონი – ფრანკფურტში „ვეფხისტყაოსანს“ 50 ენაზე წარმოადგენენ

​21 ივნისს, 20:00 საათზე,  ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტი გამართავს ლიტერატურულ მარათონს: ქართული ლიტერატურის შედევრი, შოთა რუსთაველის ეპოქალური პოემა „ვეფხისტყაოსანი“ წარმოდგენილი იქნება 50 ენაზე.
 ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  მე-12 საუკუნეში შექმნილი პოემა, რომელიც 160-ზე მეტი ხელნაწერის სახით არის შემონახული და 50-ზე მეტ ენაზე არის თარგმნილი, 2013 წელს იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ლიტერატურული მარათონი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და რამდენიმე საიუბილეო თარიღს ეძღვნება: საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენას, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს, და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს.
ფრაგმენტებს „ვეფხისტყაოსნიდან“ წაიკითხავენ: ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. ლიტერატურული მარათონის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული გაფორმების ნიმუშები დიგიტალურად (მინიატურებით შემკობილი ხელნაწერები და ილუსტრაციები სხვადასხვა გამოცემიდან).
პროექტის ავტორი: პროფ. მანანა თანდაშვილი, ფრანკფურტის უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი.
მარათონი 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფრანკფურტის კულტურის დეპარტამენტისა და ფრანკფურტის მერიის ინტერკულტურული ურთიერთობების დეპარტამენტის ხელშეწყობით  ჩატარდება.
​ჩატარების ადგილი: Campus Westend, PA-Gebäude, Theodor-W.-Adorno-Platz 1, Frankfurt a/M

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები