გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს
20 ივნისს, 14:00 საათზე, გერმანიის საელჩო სასტუმრო ibis Styles Tbilisi Center-ში (ტაბიძის #4) საზეიმო მიღებას მართავს გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტებისა და გამარჯვებულებისთვის.
როგორც „კვირას“ გოეთეს ინსტიტუტიდან აცნობეს, საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვლენ: გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრი.
ღონისძიების ფარგლებში, მიღების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულ, თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლის საუკეთესო მოსწავლეებს პირადად შეხვდება არა მარტო მათი წარმატებების მხარდაჭერის მიზნით, არამედ ისეთ თემებზე სასაუბროდ, როგორიცა ევროპულ გზაზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში მომავალი თაობის როლის პერსპექტივები, ჩართულობა და მნიშვნელობა.
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ორგანიზებით გამართული გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები ფრაიბურგში, 15-28 ივლისს, საქართველოს სახელით გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მსოფლიოს 5 კონტინეტის 60 ქვეყნის 100 მოსწავლეს შეეჯიბრებიან გერმანული ენის ცოდნაში, ჯგუფური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებში.
გოეთეს ინსტიტუტმა და პროექტის პარტნიორმა „არვატო ბერთელსმანმა“ გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის 22 ფინალისტი მოსწავლე თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლებიდან გერმანულენოვანი საზაფხულო აკადემიის საგზურებით დააჯილდოვა, რომელიც 21-29 ივლისს რუსთავში სკაუტების საერთაშორისო ბანაკში ჩატარდება.
ბანაკის მსვლელობისას მოსწავლეები ბერლინელი და ლაიფციგელი თეატრმცოდნეების ხელმძღვანელობით, ინდივიდუალური პერსპექტივიდან გამომდინარე, იმსჯელებენ ისეთ საჭირო და მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: „რა სპეციალობას მინდა დავეუფლო სკოლის დასრულების შემდეგ“, „როგორ წარმომიდგენია იდეალური ქალაქი?“, „როგორ შეგვიძლია მივაღწიოთ მეტ პოლიტიკურ ჩართულობასა და გადაწყვეტილებების სამართლიანი მიღების პროცესს ?“, „როგორ ვიპოვოთ ბალანსი ეკონომიკურ წინსვლასა და მდგრად განვითარებას შორის?“.
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის №4, სასტუმრო ibis Styles Tbilisi Center.