ქართულ ჭიდაობას შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

ქართულ ჭიდაობას შესაძლოა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს და იუნესკოს შესაბამის ნუსხაში შევიდეს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ გიორგაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ იმედი აქვს, შესაბამის ნომინაციაში ქართული ჭიდაობის წარდგენა წარმატებული იქნება.
„არ შემიძლია, არ აღვნიშნო, თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, ჩვენი წარმატებული ურთიერთობა იუნესკოსთან.
მოგეხსენებათ, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაბრუნების საკითხი ძალიან წარმატებულად გადაწყდა. არაერთი ახალი ინიციატივა გვაქვს არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის მიმართულებით. არც ისე დიდი ხნის წინ, დარწმუნებული ვარ, გემახსოვრებათ ქართული ანბანის წარმატებული შემთხვევა ამ მიმართულებით. წლის ბოლოს ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებული ნომინაცია იქნება ქართული ჭიდაობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებისა და იუნესკოს შესაბამის ნუსხაში შეტანისა“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
საქართველოს პარლამენტში მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ.
მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.
20 ივნისს ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები