შვეიცარიულ-ქართულმა ასოციაცია „ვივაჩემ“  ვატო მაღრაძის დასახმარებლად კონცერტი გამართა

ასოციაცია „ვივაჩეს“ პრეზიდენტი - თამარ კორძაძე

17 ივნისს, შვეიცარიულმა საქველმოქმედო ასოციაციამ „ვივაჩე“, რომელსაც სათავეში უდგას ცნობილი ქართველი პიანისტი თამარ კორძაძე, ციურიხში, ახალგაზრდა მევიოლინე  ვატო მაღრაძის დასახმარებლად კონცერტი ჩაატარა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტმა ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში სრული ანშლაგით ჩაიარა. უნივერსიტეტის დირექციამ დარბაზი მუსიკოსებს სრულიად უსასყიდლოდ დაუთმო, როდესაც გაიგო თუ რა მნიშვნელოვან მიზანს ემსახურებოდა ეს პროექტი. კონცერტში მონაწილეობდნენ შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები და სტუდენტები: თამარ კორძაძე, მამუკა ტეპნაძე, სოფია გოშაძე, ეკა ბოკუჩავა, თედო დიაკონიძე, მირიან კვალიაშვილი, მარიამ ჩაკვეტაძე, დალი ზაკალიშვილი, დავით ქეცბაია, თეონა კაზიშვილი, თამარ მიდელაშვილი, სერგეი მარკოსიანი, ასევე ლარისა ბაგდასარიანი და კორბინ ბეისნერი.
ფონდმა „ვივაჩემ“ ამ საქველმოქმედო კონცერტზე ქართველი ემიგრანტების და შვეიცარელი მოქალაქეების დახმარებით ვატო მაღრაძის დასახმარებლად თანხა შეაგროვა, რომელიც სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე – „Help Vato” ჩაირიცხა. ეს თანხა  ოლდენბურგის კლინიკაში გადაირიცხება, სადაც ვატო მკურნალობს.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიულ-ქართული ასოციაცია „ვივაჩე“ 2009 წელს შვეიცარიაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა პიანისტმა თამარ კორძაძემ დააფუძნა. ასოციაციის მიზანია მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების მხარდაჭერა და საქართველო-შვეიცარიის კულტურული კავშირების გაღრმავება. ამ ხნის განმავლობაში პარტნიორი ფონდების და ორგანიზაციების დახმარებით „ვივაჩემ“ განახორციელა 20-მდე მნიშვნელოვანი პროექტი და დაეხმარა კლასიკური მუსიკის სფეროში მოღვაწე 100-მდე ახალგაზრდა ქართველ შემსრულებელს. ასოციაციამ აგრეთვე შეიძინა 8 სიმებიანი და ჩასაბერი ინსტრუმენტი ზ. ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედისათვის, 3 ფორტეპიანო მიქელაძის სახელობის მუსიკალური სკოლისთის, ვიოლინო თბილისის სახელწიფო კონსერვატორიისათვის, საფორტეპიანო სკამები საქართველოს სამუსიკო სასწავლებლების საკონცერტო დარბაზებისათვის, 8 ნიჭიერი ქართველი მუსიკოსი  წაიყვანა ბერნსა და ციურიხში კონცერტებით, 7 ქართველი მოზარდი წაიყვანა იტალიის (მონტეპულჩანო) საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე და საშუალება მისცა, თავიანთი შესაძლებლობები  ევროპელი მაყურებლის წინაშე წარმოეჩინათ. მსგავსი კონცერტებით „ვივაჩემ“ 9 ქართველი მუსიკოსი წაიყვანა ახალგაზრდა ხელოვანთა ფესტივალზე ბაიროითში (გერმანია) და ახალგაზრდა მუსიკოსთა ფესტივალზე Youth Classics (გერმანია, შვეიცარია).
ორი წლის წინ ასოციაცია „ვივაჩეს“ ინიციატივით, ქართულ-შვეიცარიული საქველმოქმედო პროექტის – „ალპებიდან კავკასიამდე“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და „თი-ბი-სი ბანკის“ არტგალერეაში გაიმართა ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ერთობლივი  კონცერტი. ამ კონცერტით აღინიშნა ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის საქართველოსთან თანამშრომლობის 15 წლის იუბილე. ქართველ და შვეიცარელ სტუდენტებს კი მიეცათ საერთაშორისო კონტაქტების დამყარების საშუალება, რამაც ხელი შეუწყო ქართულ-შვეიცარიული კულტურული კავშირების გაღრმავებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები