„პენმარათონი -2018“ სტარტს 20 ივნისს აიღებს
საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსი “პენმარათონი-2018” სტარტს 20 ივნისს აიღებს კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, ალ. სარაჯიშვილის სახლმუზეუმთან მდებარე სასტუმრო “მაროშენში”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პენმარათონს ორიგინალური ფორმატი აქვს და ლიტერატურული ნაწარმოების შექმნას ექსტრემალურ პირობებში ითვალისწინებს.
„პენმარათონი-2018”-ს 14 ქართველი და 10 გერმანულენოვანი ფინალისტი ჰყავს, რომლებიც ჟიურიმ (ქართული და გერმანული მხარეები) კონკურსის პირველი ტურით გამოავლინა.
პენმარათონი – 2018″-ის გამარჯვებულთათვის სოლიდური ფულადი ჯილდოებია დაწესებული:
I პრემია – € 3000, II პრემია – € 2000, III პრემია – € 1000.
პრემიები ცალ-ცალკე გაიცემა ქართველ და გერმანულენოვან ავტორებზე, საერთო ჯამში, 6 გამარჯვებულზე.
ასევე, გამოიცემა ორენოვანი კრებული – “პენმარათონი-2018“, რომელშიც შევა კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი 10 საუკეთესო ნაწარმოები (5 ქართული, 5 გერმანული).
პენმარათონის ქართველ ფინალისტებს შორისაა, როგორც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, ასევე უცნობი ავტორები:
1. მინდია არაბული
2. ინა არჩუაშვილი
3. დავით ბადალაშვილი ბადალაშვილი დათია
4. შალვა ბაკურაძე
5. სოფო ბანძელაძე
6. თეა თოფურია
7. ირმა მალაციძე
8. ელენე რევიშვილი
9. ბესო სოლომანაშვილი
10. თამრი ფხაკაძე
11. ლევან შატბერაშვილი
12. ალეკო შუღლაძე
13. ბესო ხვედელიძე
14. ნინო გუგეშაშვილი (ბოლო პენმარათონის გამარჯვებული, რომელიც სპეციალური მოწვევით იღებს მონაწილეობას)
პენმარათონის გერმანულენოვანი ფინალისტები არიან:
Daniel Stähr (გერმანია)
Sofie Lichtenstein (გერმანია)
Sarah Berger (რუმინეთი, გერმანია)
Simona Harmeinecke (გერმანია)
Thilo Dierkes (გერმანია)
Martin Spieß (გერმანია)
Lasse Kohlmeyer (გერმანია)
Sophia Sumburane (გერმანია)
Jana Volkmann (ავსტრია)
კონკურსის მონაწილე გერმანულენოვანი ავტორების გარდა, 19-22 ივნისს, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეწვევა გერმანული დელეგაცია კონკურსის ჟიურის, თანაორგანიზატორების, ლიტერატურის კრიტიკოსებისა და ბლოგერების შემადგენლობით. დაგეგმილია სპეციალური ლიტერატურული ვორკშოფი მონაწილეთათვის და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა.
წლევანდელი პენმარათონი ეძღვნება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენას – 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენას. სწორედ ამიტომ, წელს, პირველად, პენმარათონი საერთაშორისო, ქართულ-გერმანულ ფორმატში ტარდება.
“პენმარათონი-2018”-ის 6 გამარჯვებულის ვინაობა 11 ოქტომბერს, სწორედ ფრანკფურტის წიგნის გაზრობაზე გახდება ცნობილი, სადაც დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართება.
პარალელურად, ფრანკფურტის ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში მოეწყობა “პენმარათონი-2018“-ის ფარგლებში გამოცემული ორენოვანი კრებულის პრეზენტაცია. იმავე საღამოს კი, ქალაქის ერთ-ერთ კულტურულ ცენტრში, კრებულის ავტორები თავიანთი ნაწარმოებებიდან ფრაგმენტებს წაიკითხავენ.
გერმანული მხრიდან საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურს „პენმარათონი-2018“-ის პარტნიორები არიან საგამომცემლო და მომიჯნავე სფეროების უმსხვილესი საგანმანათლებლო ცენტრი – ფრანკფურტის მედიაკამპუსი (Media Campus of Frankfurt) და ლიტერატურული პროფილის პირველი გერმანული სოციალური ქსელი mojoreads.
ქართული მხრიდან „პენმარათონი-2018“-ის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, Georgia Made by Characters, გამომცემლობა “დიოგენე”, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი, სასტუმრო “მაროშენი”, ასევე, გამომცემლობები “სიესტა” და “შემოქმედი ანგელოზი”, ტელეკომპანია “იმედი”, რადიო “ფორტუნა” და “ნეტგაზეთი”.