ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დოკუმენტური ფილმის – „ცეცხლის საკურთხევლის“ ჩვენება გაიმართება
15 ივნისს, 19:00 საათზე, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა „იოგა ლაბთან” ერთად, უმასპინძლებს ლექციას და დოკუმენტური ფილმის ჩვენებას – „ცეცხლის საკურთხეველი“.
როგორც „კვირას“ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში განიცხადეს, სეანსის შემდგომ გაიმართება კითხვა-პასუხის სესია.
ფილმში ნაჩვენებია თორმეტდღიანი რიტუალი, რომელიც ჩატარდა 1975 წლის აპრილის თვეში, ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთში. ფილმში დაფიქსირებული ვედური რიტუალი, სავარაუდოდ, არის უძველესი შენარჩუნებულ რიტუალებს შორის (დაახლოებით 3000 წელი). ბოლო ათასწლეულის განმავლობაში რიტუალი არარსებულად მიიჩნეოდა, რამდენადაც მასზე დაკვირვების საშუალება არავის ჰქონია, თუმცა კერალას შტატის ბრამინების (ქურუმები) პატარა ჯგუფმა მოახერხა ცოცხალი ტრადიციის შენარჩუნება.
ჰოლანდიელი ფილოსოფოსის და ინდოლოგის ფ. სტალის მონაწილეობის წყალობით შესაძლებელი გახდა საჭირო თანხის შეგროვება, ქურუმების თანხმობის მოპოვება და რიტუალის ჩატარება. აღნიშნული საჭიროებდა მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივ პერიოდს, ჩვიდმეტი ქურუმის მონაწილეობას და ცეცხლის საკურთხევლის ასაშენებელ დიდი ოდენობით სამშენებლო მასალას, რომელსაც ფრინველის ფორმა უნდა ჰქონოდა. ამ აქციის შედეგად შეიქმნა ჯ. ფ. სტალის ორტომიანი წიგნი და ფილმი – „ცეცხლის საკურთხეველი“, რომელიც დეტალურად აღწერს რიტუალს.
ლექციას რიტუალის შესახებ (მისი სიმბოლური მნიშვნელობის ახსნა), წაიკითხავს იოგას ლაბორატორიის – “Yoga Lab” დამფუძნებელი დავით ვირაბიანი.