„თი-ბი-სი გალერეაში“ უნიკალური ემიგრანტული კოლექციის გამოფენა გაიხსნება

14 ივნისს, 19:00 საათზე, „თი-ბი-სი გალერეაში“, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და „თი-ბი-სის“ ორგანიზებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ემიგრანტული კოლექციის გამოფენა გაიხსნება.
გამოფენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად იმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საარქივო ჩანაწერებისა და ფოტომასალის გარდა, წარმოდგენილი იქნება მემორიალური ნივთები: გენერალ კვინიტაძის სამხედრო სამოსის ჯიბეში მიკვლეული წმ. გიორგის ხატი, მისივე აუდიოჩანაწერის „ბაბინა“, იუნკერ ვანო ნანუაშივლის კუთვნილი სუვენირები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სიმბოლიკით და სხვა.
საგანგებოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამ პერიოდისა და ემიგრაციაში მცხოვრები გამორჩეული 5 გამორჩეული მოღვაწის ავტოგრაფების საფუძველზე მომზადდა 5 სახელობითი შრიფტი. ეს ისტორიული ფიგურები არიან: გენერალი გიორგი კვინიტაძე (საქართველოს ჯარების მთავარსარდალი), ვიქტორ ნოზაძე (ემიგრაციაში მცხოვრები პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი და რუსთველოლოგი), მიხაკო წერეთელი (მეცნიერი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის დარგში, ლინგვისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე), ივანე ნანუაშვილი (სამხედრო მოღვაწე, პოლონეთის არმიის ოფიცერი, პოლიტიკური ემიგრანტი), გრიგოლ რობაქიძე.
შრიფტები შექმნა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მათი ჩამოტვირთვა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან: www.manuscript.ge.
გამოფენის ფარგლებში საზოგადოებას საშუალება ექნება, მოისმინოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აუდიოარქივის უნიკალური ჩანაწერი: ფრაგმენტი საქართველოს პროფკავშირების მდივნის, შალვა აბდუშელის მოგონებიდან, კოჯორთან ბრძოლებისა და მარო მაყაშვილის აღსასრულთან დაკავშირებით. ჩანაწერი რადიო „თავისუფლების“ დიქტორის, კარლო ინასარიძის პირადი არქივიდანაა და უნიკალურ აუდიომასალას შეიცავს.
გამოფენა 15 ივნისს, 20:00 საათზე, დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები