“ოქროს ტალღის“ ხუთწლიანი ისტორია 26 ივნისს დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე გაცოცხლდება
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ უკვე მეხუთე წელია, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას „ოქროს ტალღა“ მართავს. წელს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, პროექტი დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული ღონისძიების სახეს მიიღებს, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ცნობილ მომღერლებთან ერთად, სპეციალური სტუმარი კი „გრემის“ ორგზის მფლობელი ამერიკელი მომღერალი ლიზა ფიშერი იქნება.
ამ თემასთან დაკავშირებით „ფორტუნაში“ 12 ივნისს პრესკონფერენცია გაიმართა, მედიასთან შეხვედრას ესწრებოდნენ მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი, მომღერალი და „ოქროს ტალღა 2017“-ის მთავარი პრიზის მფლობელი, სტეფანე მღებრიშვილი, ქალაქ თბილისის მერიის სპორტისა
და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა, სცენარისტი და რეჟისორი თეონა ჯორბენაძე და რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თათა სადრაძე.
26 ივნისს, მუსიკალური ღონისძიება, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ 20:00 საათზე გაიხსნება, როდესაც წითელ ხალიჩაზე ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები გაივლიან. თავად კონცერტი და მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია 21:00 საათზეა დაგეგმილი. საღამოს სცენარის ავტორი და რეჟისორი გახლავთ თეონა ჯორბენაძე, რომელმაც პრესკონფერენციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საიუბილეო „ოქროს ტალღა“ განსაკუთრებული იქნება როგორც პროგრამის კუთხით, ასევე ზოგადად, კონცეფციითაც.
პირველად, წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე, მაყურებელს შეეძლება მასზე დასწრება. ბილეთები უკვე იყიდება tkt.ge-ზე. მელომანებისთვის დაუვიწყარი ღონისძიების გამოტოვება რეკომენდებული არ არის.
თათა სადრაძე:
რადიოჰოლდინგი„ ფორტუნა“ უკვე მეხუთე წელია, მართავს წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას. იმედს ვიტოვებ, რომ 26 ივნისს განსაკუთრებული გამარჯვებულები გვეყოლებიან 15 ნომინაციაში. კვლავინდებურად ყველაზე მნიშვნელოვან ნომინაციად რჩება „წლის სიმღერა“, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამოვლინდება, სხვა ნომინაციებთან ერთად.
ნიკოლოზ რაჭველი:
„ფორტუნას“ დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გააფორმებს მუსიკალურად, ჩემთვის ოცნების ახდენის საღამოა, ვინაიდან ჩემთვის ძალიან ძვირფასი ქართველი ვარსკვლავები იდგებიან ჩვენთან ერთად, ასევე ღონისძიების მთავარი სტუმარი იქნება მსოფლიოში აღიარებული მომღერალი, ლიზა ფიშერი, რომელთან ერთადაც სხვადასხვა პროექტში მიმიღია მონაწილეობა, დიდი ხანია ვცვლით სურვილებს ურთიერთთანამშრომლობაზე, თუმცა, წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა მისი რთული გრაფიკის გამო. მასზე გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა გასულ წელს „ოსკარი“ მიიღო, მას აქვს ორი „გრემი“. ასეთი ვარსკვლავის სტუმრობა აორმაგებს „ოქროს ტალღის“ მნიშვნელობას და სძენს მას განსაკუთრებულ ხიბლს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ისეთი რადიოჰოლდინგი, როგორიც არის „ფორტუნა“. მახსოვს, როცა გაცილებით პატარა ვიყავი და ჩვენში არც ისე იოლი იყო ჩანაწერების მოპოვება, „ფორტუნას“ ჰქონდა კლასიკური მუსიკის პერიოდული ჩართვები და ველოდებოდი საათის იმ ნაწილს, როცა კლასიკური მუსიკა გადიოდა. ეს ჩემთვის სადღესასწაულო წუთები იყო. მინდა, მადლობა ვუთხრა ამისთვისაც და ყველა მხარდაჭერისთვის, რომელსაც უწევს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს.
ირაკლი გვილავა:
პროექტი ძალიან მნიშნელოვანია ქალაქისთვის, თბილისის მერია მხარს უჭერს მას. წელს საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ. წარმატებებს ვუსურვებთ „ოქროს ტალღას“ და მის ორგანიზატორებს.