კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების წარდგენა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საზოგადოებას დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, 2014 წელს დაიწყო და მიმდინარეობს მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოები სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იმ შენობებში, სადაც რამდენიმე ათეული წელი ინფრასტრუქტურული პრობლემები არ იყო მოგვარებული. ამ დროისათვის ხორციელდება რამდენიმე ათეული შენობის რესტავრაცია.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის I კორპუსს, ინტენსიურად მიმდინარეობს თბილისში, გრიბოედოვის ქ. N-22-ში თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია, ახალი შენობა ექნება თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრს (ყოფილი „რკინიგზელთა კულტურის სახლი”), მიმდინარეობს თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ახალი შენობის მშენებლობა და ისტორიული შენობის მასშტაბური სარემონტო სამუშაოები.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ასევე უმჯობესდება ინფრასტრუქტურული პრობლემები თბილისისა და რეგიონების 20 თეატრში. ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ხორციელდება ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაცია.
ასევე მოგვარდა ინფრასტრუქტურული პრობლემები 6 სახელოვნებო სასწავლებელში მათ შორის თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი;
18 მუზეუმში უმჯობესდება ინფრასტრუქტურული საკითხები, მათ შორის – მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი;
გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურული საკითხები საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, საქართველოს მწერალთა სახლში.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის შენობის საკითხის მოგვარება, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისთვის თეატრალური მინიქალაქის მოწყობა, ვ. ჭაბუკიანის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლისთვის და ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედისთვის“ შენობის გამოყოფა.
ბოლო წლების განმავლობაში სპორტის მიმართულებით ქვეყანამ წამოიწყო ინფრასტრუქტურის უპრეცედენტო მშენებლობა. უკვე დასრულებულია და უახლოეს პერიოდში გაიხსნება მრავალფუნქციური, ორდარბაზიანი 3 სპორტის სასახლე რეგიონებში – გორში, თელავსა და ბათუმში.
დასასრულს უახლოვდება თბილისსა და გორში ფეხბურთისა და რაგბის სრულიად ახალი 10 სტადიონის მშენებლობა.
ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით საქართველოს 9 ქალაქში გვაქვს თანამედროვე სტანდარტების 15 სარაგბო ბაზა 23 სტადიონით.
კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას და თბილისსა და რეგიონებში. უახლოეს მომავალში იგეგმება ყინულის სასახლის, ჭიდაობის სახლის, სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის, ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის (რეაბილიტაცია-მშენებლობა), მძლეოსნობის მოედნის, სამთო-სათხილამურო სპორტის საზაფხულო სავარჯიშო დარბაზის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტისა და სპორტული კოლეჯის მშენებლობას. გადაიხურება თბილისში მდებარე ოლიმპიური აუზი, რის შემდეგაც აუზზე ვარჯიში ზამთრის პერიოდშიც იქნება შესაძლებელი, ასევე ვაგრძელებთ გარე სავარჯიშო მოწყობილობების დამონტაჟებას რეგიონებში.
ამის გარდა, დაგეგმილია კულტურული და სპორტული ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შენობების ფასადების კეთილმოწყობა და ადაპტირება შშმ პირებისათვის.