,,ბალანჩივაძეების ოჯახი ისტორიულ ჭრილში” – გამოფენა გაიხსნება
8 ივნისს, 18:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გამოფენა – ,,ბალანჩივაძეების ოჯახი ისტორიულ ჭრილში” გაიხსნება.
როგორც „კვირას“ თბილისის მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახის სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე, ხელოვანების ცხოვრების ამსახველი ფოტო-დოკუმენტური მასალა, მათი ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც დაცულია ოჯახის არქივში, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმსა და ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში.
ღონისძიების მიზანია, თანამედროვე საზოგადოებას მოუთხროს ბალანჩივაძეების ოჯახის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ქართულ და მსოფლიო კულტურულ პროცესებში.
საგანგებოდ ამ საღამოსთვის კომპოზიტორი და პიანისტი გიორგი შავერდაშვილი ამზადებს საფორტეპიანო კომპოზიციას.
მოწვეული სტუმრები: ვალერიან მჭედლიძე, პიანისტი თამარ მახარაძე, მარი ჟვანია, კონცერტმაისტერი გია რაქვიაშვილი შეასრულებენ ბალანჩივაძეების მუსიკალურ კომპოზიციებს.
ღონისძიება წარმოადგენს ზაქარია ფალიაშვილისა და ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური მუზეუმების კოლაბორაციას.
მისამართი: დიმიტრი ბაქრაძის 10, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი