ჯემალ მაზიაშვილს „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მსახიობ ჯემალ მაზიაშვილს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
ჯემალ მაზიაშვილი 1938 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა პირველი კლასიკური გიმნაზია. თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.
1967 წელს, მარჯანიშვილის თეატრიდან წამოსვლის შემდეგ, ჯემალ მაზიაშვილი რუსთავის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია. ჯემალ მაზიაშვილს მარჯანიშვილისა და რუსთავის თეატრის სცენებზე მრავალი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული. 1991 წლიდან 2005 წლამდე იყო რუსთავის თეატრის დირექტორი. 1979 წელს, უნგრეთიდან მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფის მიერ განხორციელებულ სპექტაკლში – „ის ლამაზი, მზიანი დღე“ – ჯემალ მაზიაშვილის მიერ ძულას როლის შესრულება, უნგრეთის პრეზიდიუმის საპატიო სიგელით აღინიშნა. 1980 წელს ჯემალ მაზიაშვილს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს. 1998 წელს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ჯემალ მაზიაშვილს ღირსების ორდენი გადასცეს. იმავე წელს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „ოქროს ნიღაბი“ დაფუძნებისა და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის საქართველოს პრეზიდენტის საპატიო სიგელი გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები