ახალქალაქის რაიონის ორჯის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის XVI საუკუნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ძეგლმა სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 18 აპრილის ბრძანებით მიიღო.
ეკლესია დგას მინდორზე, მდინარის მარჯვენა ნაპირზე. სტილისტური ნიშნებით აგებულია მე-16 ს. 70-იან წლებამდე, სანამ მესხეთს თურქები დაიპყრობდნენ.
ტაძარი დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ფერადოვანი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში თითო სწორკუთხა ნიშაა. ერთი სარკმელია დასავლეთის კედელშიც. კამარა გრძივი აბსიდის ბოლოში მასიური ქვებით გამოყვანილ პილასტრებზე გადასულ თაღს ეყრდნობოდა.