ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თბილისის N6-ე საჯარო ბაგა-ბაღის ყოფილი შენობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერით გასულ რეპორტაჟს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შენობით, სადაც ბაგა-ბაღი თითქმის ერთი წელია არ ფუნქციონირებს, დაინტერესებული არიან ქალაქის მთავრობასთან დაახლოებული პირები და ტერიტორია ბაგა-ბაღს აღარ დაუბრუნდება, წარმოადგენს სრულ სიცრუესა და ცილისწამებას.
„ვეხმაურებით ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერით გასულ რეპორტაჟს თბილისის N6-ე საჯარო ბაგა-ბაღის ყოფილი შენობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. რეპორტაჟი ეყრდნობოდა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ვარაუდებსა და ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც შენობით, სადაც ბაგა-ბაღი თითქმის ერთი წელია არ ფუნქციონირებს, დაინტერესებული არიან ქალაქის მთავრობასთან დაახლოებული პირები და ტერიტორია ბაგა-ბაღს აღარ დაუბრუნდება.
აღნიშნული ბრალდება წარმოადგენს სრულ სიცრუესა და ცილისწამებას, რომელიც მიზნად ისახავს დედაქალაქის მერიის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თუმცა ამას თან ერთვის რეპორტაჟის ავტორის არაობიექტურობაც, რადგანაც დახურული ბაგა-ბაღის შენობასთან დაკავშირებით მას დეტალურად ესაუბრა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი. კახაბერ გვანცელაძემ გარკვევით განუმარტა ჟურნალისტს, რომ აღნიშნული ბაგა-ბაღი შესული იყო სადემონტაჟო შენობების ნუსხაში და მომავალ წელს მის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის აშენება იყო დაგეგმილი. აშკარაა, რომ რეპორტაჟი კონკრეტულ პოლიტიკოსთა ჯგუფის ინტერესებს ემსახურებოდა და ფაქტების ობიექტური გაშუქება ტელეკომპანიის ინტერესებში არ შედიოდა. საგულისხმოა, რომ არსებობს ამ ინტერვიუს სრული აუდიო ჩანაწერიც.
 
რეპორტაჟში ბაგა-ბაღის დირექტორი დადანაშაულებულია შენობიდან ინვენტარის ქურდობაში, რითიც შეიბღალა მისი სახელი და რეპუტაცია.
 
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღმაშენებლის N197-ში მდებარე N6-ე საჯარო ბაგა-ბაღის ტერიტორია არის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრება და მისი გასხვისება ან მასზე რაიმე სხვა დაწესებულების განთავსება არ იგეგმება. ამ შენობის დემონტაჟი მიმდინარე წელს განხორციელდება, ხოლო 2019 წლის დასაწყისიდან, ამ ტერიტორიაზე დაიწყება და ამავე წელს დასრულდება ახალი თანამედროვე სტანდარტების ბაღის მშენებლობა.
 
მოვუწოდებთ ტელეკომპანია რუსთავი2-ს, უზრუნველყონ ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარის სრული ვერსიის ეთერში ჩვენება, რაც სრულად გააქარწყლებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა ცილისწამებასა და უსაფუძვლო ბრალდებებს.
 
და ბოლოს, მოვითხოვთ ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ბოდიში მოუხადოს, პირველ რიგში, მაყურებელს დეზინფორმაციის მიწოდებისთვის და ასევე საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გავრცელებული ცილისწამების გამო“, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები