ირაკლი კობახიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის 138-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ჟენევაში დაიწყო. ირაკლი კობახიძე დღეს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ფორუმის მთავარი თემაა „გლობალური რეჟიმის გაძლიერება მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის: საფუძვლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საჭიროება”.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გენერალური დებატების ფარგლებში, ამ გამოწვევაზე ისაუბრებს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დელეგაციის წევრებთან ერთად, საზეიმო ღონისძიებაზე საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი უმასპინძლებენ.
საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო ფორუმია, რომელიც 178 წევრ და 12 ასოცირებულ წევრ ორგანიზაციას აერთიანებს. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები გერმანიის, ჩინეთის, იაპონიის, სინგაპურის, ინდონეზიის, ტაილანდის, ვანუატუს, სამხრეთ აფრიკის და სხვა ქვეყნების პარლამენტების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს, ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები – ნინო წილოსანი, ირაკლი მეზურნიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) საერთაშორისო საპარლამენტო დიალოგის ცენტრია, რომელიც პარლამენტებს შორის კონტაქტების დამყარებასა და კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, საერთო გამოწვევებზე მსჯელობას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას უწყობს ხელს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია თავდაცვისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა, რაც საპარლამენტო დემოკრატიისა და განვითარების არსებითი ფაქტორია.
ღონისძიების მუშაობაში 140-მდე ქვეყნის 800-მდე პარლამენტის წევრი, მათ შორის 65 სპიკერი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები