ევროკომისია საქართველოს 30 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვას დახმარების სახით დამატებით 60 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ევროკავშირის ინფორმაციით, აქედან საქართველო დახმარების სახით 30 მილიონ ევროს მიიღებს. დახმარების პაკეტი მიმართულია საჯარო ინსტიტუციების, მოქალაქეთა და ბიზნესის დასახმარებლად, რათა მათ ისარგებლონ იმ ბენეფიტებითა და შესაძლებლობებით, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, ევროკავშირის ბაზარზე წვდომის ჩათვლით.
“საქართველო და მოლდოვა ევროკავშირთან ურთიერთობების შეცვლის ერთგულნი რჩებიან, ერთობლივად გაზიარებულ ფუნდამენტურ ფასეულობებზე დაყრდნობით. ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმება ამ ცვლილებებს შესაძლებელს გახდის და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით ახალ პერსპექტივებს გახსნის. ჩვენი დახმარება კი ამ პროცესის აკომპანირებას მომავალშიც გააგრძელებს”, – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ.