ნოდარ ხადური: საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება ვერ გასცდა ჩანასახოვან მდგომარეობას

   ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური „მრგვალ მაგიდას“ სახელწოდებით – „კაპიტალის ბაზრის გამოწვევები – გლობალური და რეგიონალური პერსპექტივები“ დაესწრო. სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ „მრგვალ მაგიდას“ სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ თავმჯდომარე გიორგი ლოლაძე უძღვებოდა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ასევე სტამბოლის ბირჟის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ტურჰანმა.
გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს კაპიტალის ბაზრის, როგორც ინვესტიციების მოზიდვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმის როლს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. „დღეს ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. სამწუხაროდ, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩანასახოვან მდგომარეობას ვერ გასცდა. აღნიშნული მიმართულებით ბევრი პრობლემაა, თუნდაც ის, რომ სახეზეა დანაზოგების ნაკლებობა. საქართველოს მთავრობის, ისევე როგორც ბიზნესწრეების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ბაზრის განვითარება უნდა იყოს, რათა მოსახლეობამ საკუთარი თუნდაც მცირე დანაზოგების ინვესტირებისათვის გამოყენება შეძლოს. საფონდო ბაზარი ამისთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საბაზრო ეკონომიკისა და ალტერნატიული ფულის მოზიდვის სისტემების განვითარებისთვის აუცილებელია კაპიტალის ბაზრის განვითარება.
„ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვმუშაობთ. აღნიშნული ასახულია ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში. საპენსიო სისტემის რეფორმა, რომელიც საქართველოში იგეგმება, მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას. საბაზრო ეკონომიკა უამისოდ წარმოუდგენელია. ჩვენ დიდი დრო გვაქვს ამ მიმართულებით დაკარგული, თუმცა დღეს ძალიან სწრაფი ტემპით ვქმნით იმ არქიტექტურას, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს ეს მიმართულება“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
„მრგვალი მაგიდა“ სს „საქართველოს საფონდო ბირჟის“ 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩატარდა და მისი ორგანიზატორები ევრო-აზიური საფონდო ბირჟების ფედერაცია (FEAS) და სს „საქართველოს საფონდო ბირჟა“ იყვნენ. სს „საქართველოს საფონდო ბირჟა“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა და 2000 წლიდან ახორციელებს რეგულარულ საბირჟო ვაჭრობებს. ამავე პერიოდიდან საქართველოს საფონდო ბირჟა არის ევრო-აზიური საფონდო ბირჟების ფედერაციის წევრი, რომელიც 50-ზე მეტ წევრს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები