ირაკლი კობახიძე: 2016 წელს ოპოზიციამ დახარჯა იმაზე მეტი, ვიდრე მმართველმა პარტიამ

„2016 წელს ოპოზიციამ დახარჯა იმაზე მეტი, ვიდრე მმართველმა პარტიამ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე “2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომდევნო ნაბიჯები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძე განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს წინასაარჩევნოდ თანხების ხარჯვის ნაწილში შეფარდება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, 90/10-ზე იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება.
“ხშირად გვესმის ხოლმე, რომ მმართველ პარტიას ძალიან დიდი უპირატესობა აქვს დაფინანსების კუთხით. ამაზე იყო საუბარი 2016 წლის არჩევნებთან მიმართებით, სადაც ითქვა, რომ მმართველმა პარტიამ მთლიანი საარჩევნო ხარჯებიდან დაახლოებით 90% დახარჯა. ასევე, იყო საუბარი, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველმა პარტიამ 92% დახარჯა. ეს მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს და უხეშად არის მას აცდენილი ერთი მარტივი მიზეზი გამო – ოპოზიციური პარტიების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ ხდება თანხების დეკლარირება. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 90/10-ზე კი არა, 2016 წელს ოპოზიციამ დახარჯა იმაზე მეტი, ვიდრე მმართველმა პარტიამ. ანუ სურათი იყო არა 90/10-ზე, არამედ მინიმუმ 50/50-ზე”, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხშირად ისმის კრიტიკა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ, თუმცა აღნიშნულ უწყებას ობიექტური საფუძველი აქვს, რომ მკაცრად არ გააკონტროლოს თანხები, რომელიც არის პოლიტიკაში.
“აქ არის ძალიან სერიოზული დილემა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ან რეპრესიულ ზომებს უნდა მიმართოს, რომლებიც ძალიან ცუდად გვახსოვს 2012 წლის არჩევნებიდან, ან უწევს ლოიალური მიდგომების გამოვლენა და იმ სურათთან შეგუება, რაც არის დღეს ჩამოყალიბებული. ამ მეორე მიდგომას ბუნებრივია, აქვს თავისი მინუსები, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი არადეკლარირებული ფული ტრიალებს საარჩევნო პროცესში, რამაც პერსპექტივაში შეიძლება ძალიან ნეგატიური შედეგები გამოიღოს, მაგრამ დღემდე ეს პრობლემა არსებით გავლენას არ ახდენს არჩევნების შედეგებზე”, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, იმათთვის, ვინც აკვირდებიან საარჩევნო პროცესებს საქართველოში, ღიმილისმომგვრელია საუბარი იმაზე, რომ მაგალითად 2017 წელს მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა მხოლოდ და მხოლოდ 2 მილიონი ლარი დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები