ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ, 47-ე შეკრებაში, მონაწილეობა მიიღო, რომელიც 2-5 მაისს ყაზახეთის რესპუბლიკაში, ასტანაში გაიმართა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შედგა ნოდარ ხადურის ორმხრივი შეხვედრები უმაღლეს დონეზე. აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ტაკეჰიკო ნაკაოსთან (Takehiko Nakao) გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აზიის განვითარების ბანკი გამოხატავს მზადყოფნას, ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის გარდა, აქტიურად ჩაერთოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმებზე მუშაობის პროცესში.
ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს, კოდერა კიოშის (Kodera Kiyoshi). შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში JICA-ს მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებთან, რომელზეც მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს რეგიონული ოფისის გახსნისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილი ვიზიტის მნიშვნელობაზე. აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ ფორუმში 3 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა შორის იყვნენ: ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ინვესტორები, ბიზნესმენები, საზოგადოების წარმომადგენლები.