გიორგი აბაშიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ფიქრობენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მასში ჩართვაზე

გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, დღეს, ბათუმში “გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის” სესიის საპანელო დისკუსიაში ჩაერთნენ, რომელიც რეგიონში დემოკრატიის და უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხებოდა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ასამბლეის დელეგატები – საქართველოს ყველა რეგიონიდან ბათუმში ჩასული ათასამდე ახალგაზრდა და უფროსკლასელი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, “გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის” პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის” ახორციელებს.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა პანელის დასრულებისას აღნიშნა, სადისკუსიო ნაწილი შეეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა: დემოკრატიული განვითარება, რეფორმების აუცილებლობა, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, უსაფრთხოება, კონფლიქტები. მისი განცხადებით, ახალგაზრდები თავად ცდილობენ ამ საკითხებზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ, ცოცხალ დისკუსიაში შემოვიდნენ და შექმნან პროექტები, რომლებსაც მომავალში განახორციელებენ.

“ჩვენი მხრიდან, ჩვენ დავპირდით, რომ მათ მხარს დავუჭერთ სხვადასხვა ტიპის აქტიური პროექტების განხორციელების უზრუნველსაყოფად და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავრჩეთ ხაზზე და გვქონდეს მუდმივი კომუნიკაცია სხვადასხვა ინიციატივების განხორციელების პროცესში”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

დავით რაქვიაშვილი მნიშვნელოვანს უწოდებს ახალგაზრდა ადამიანების არჩევანს, იფიქრონ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ საზოგადოებაზე, არამედ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამყაროს გლობალური და მდგრადი განვითარება.

“ჩვენთვის ძალიან დიდი ჯილდოა ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა და ვფიქრობ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ განმტკიცებაში ეს ადამიანები თავიანთ როლს შეასრულებენ”, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები