ილია მეორე ბავშვებს: ნარკოტიკი არასდროს გასინჯოთ

“ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს არ გაეკარებით ნარკოტიკებს”, -ამ სიტყვებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ ახალგაზრდებს მიმართა.
„ჩვენი ახალგაზრდობა, უნდა ითქვას, სხვებთან შედარებით, კარგი ახალგაზრდობაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ნაკლი – ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები. ზოგიერთი ახალგაზრდა ღებულობს ნარკოტიკებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ არასოდეს არ გაეკარებით ნარკოტიკებს. თანახმა ხართ? თქვით ერთად – „თანახმა ვართ“. თქვენ არც უნდა გასინჯოთ ეს საწამლავი. ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს და ამიტომ ყველას უნდა უთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი.
დღეს მე მინდა ასევე შევეხო აღზრდას. თქვენ იცით, ამას წინათ დიდი უბედურება მოხდა, ახალგაზრდებმა მოკლეს ორი ახალგაზრდა. ღმერთმა გვაპატიოს ეს ცოდვა“, – ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა უცხოეთში მყოფი ქართველებიც დალოცა.
„ბევრი ახალგაზრდა დღეს წასულია უცხოეთში, ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს, ზოგი ცხოვრობს უბრალოდ. ღმერთმა დალოცოს უცხოეთში მცხოვრები ქართველები და ღმერთმა მალე დააბრუნოს სამშობლოში. მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ძალიან მძიმე საკითხი, რომელიც ქართველი ერის წინაშე დგას, არის შობადობის სიმცირე. სტატისტიკა ამბობს, რომ ყოველი მეორე ოჯახი შორდება ერთმანეთს. თქვენ, ბავშვებო, ილოცეთ, რომ გქონდეთ მტკიცე ოჯახი. მტკიცე ოჯახი ადამიანისთვის ბედნიერებაა, ეს არის სიხარული, სიყვარული, სიმტკიცე. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გათავისუფლდება ცუდი ჩვევებისგან, იმედი მაქვს, რომ იგრძნობს ნარკომანიის საშიშროებას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ ნარკოტიკი არასდროს გასინჯოთ“, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები