ომბუდსმენმა შშმ პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით დაუბრკოლებლად სარგებლობის რეკომენდაცია გასცა

სახალხო დამცველმა შშმ პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით დაუბრკოლებლად სარგებლობის რეკომენდაცია გასცა. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, 2017 წლის 5 დეკემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ბათუმის, ფოთის, გორის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით დაუბრკოლებლად სარგებლობის შესახებ.
„სახალხო დამცველის საკითხის შესწავლის შედეგად, გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტებში შშმ პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესები კონკრეტული აქტით მხოლოდ რამდენიმე თვითმმართველ ერთეულში რეგულირდება, თუმცა მოქმედი რეგულაციები გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ, შშმ პირის მიერ სპეციალური სადგომით სარგებლობისათვის აუცილებელია შესაბამისი საცნობი ნიშნის არსებობა, თუმცა დადგენილებებით არ არის განსაზღვრული საცნობი ნიშნის გაცემაზე პასუხისმგებელი უწყება. პარკირების წესებით, გაურკვეველია, საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობა აქვს თუ არა ყველა შშმ პირს, მიუხედავად შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხისა და ან/და მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის კუთვნილებისა.
სახალხო დამცველის რეკომენდაციაა: 1. საცნობი ნიშნის გაცემაზე პასუხისმგებელი უწყების განსაზღვრა; 2. საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობა, როგორც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის, ისე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის; 3. საცნობი ნიშნის განთავსების შესაძლებლობა ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მიუხედავად შშმ პირის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის კუთვნილებისა; 4. სხვა მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული საცნობი ნიშნის მათი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გამოყენების უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები