რუსთავის N 22 სკოლის პედაგოგი მოსწავლეებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო, გამოძიებამ დაკითხა

0

რუსთავის N 22 სკოლის პედაგოგი ნაირა ბუტაშვილი, გუშინ, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო, გამოძიებამ დაკითხა.
როგორც „კვირას“ ნაირა ბუტაშვილმა განუცხადა, მან გამომძიებლის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
„ვიყავი რუსთავის სამმართველოში, ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი და განცხადებაც კი დავწერე, იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებმა მომხდარი ინციდენტი სხვადასხვა ინტერპრეტაციით გაავრცელეთ და არასწორად გააშუქეს, განსაკუთრებით ტელევიზიებმა. მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან“, – აღნიშნა ნაირა ბუტაშვილმა. მისივე თქმით, 14 წლის მოზარდი სახლშია და თავს კარგად გრძნობს.
„კვირა“ 14 წლის მოზარდის მშობელსაც გაესაუბრა.
„ჩემი შვილი და მისი თანაკლასელი ხუმრობდნენ და ამ ხუმრობის დროს, ბავშვს სუნთქვა შეეკრა. ისეთი არაფერი მომხდარა. დამანებეთ თავი. ჩემი შვილი კარგადაა და სწავლა იმავე სკოლაში უნდა გააგრძელოს“, – ამბობს „კვირასთან“ მოზარდის დედა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავის N 22 საჯარო სკოლაში, თანაკლასელებს შორის ჩხუბის შემდეგ, სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე შეუძლოდ გახდა და სუნთქვა გააჩერა, რის გამოც მანდატურმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.
„14 წლის მოზარდის შესახებ 112-ში ზარი 11.18 წუთზე დაფიქსირდა. ეკიპაჟი ადგილზე 11.40 წუთზე იმყოფებოდა. მოსწავლეს საშუალო სიმძიმის ტრავმა ზურგისა და მენჯის არეში აღენიშნებოდა. მოზარდი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განუცხადეს „კვირას“ჯანდაცვის სამინისტროში.
პაციენტი კლინიკიდან გუშინვე გამოწერეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება, სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი