“პროპორციული სარჩევნო სისტემის 2024 წლისათვის გადავადება ოპოზიციის ბრალი და მათი პასუხისმგებლობაა”

„ობიექტურად უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციის საბოლოო ტექსტში სადავო საკითხი აღარ დარჩა. ერთადერთი სადავო საკითხი, რაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დარჩა, ეს არის ვადები – დრო, თუ როდის ჩაირთვება პროპორციული საარჩევნო სისტემა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა. განხილვა, აკადემიური წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით, პარლამენტში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლისათვის გადავადება ოპოზიციის ბრალი და მათი პასუხისმგებლობაა.

“საკონსტიტუციო რეფორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველი გუნდის ტესტად ჩამოკიდეს და ამ ტესტს საზოგადოებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პასუხი გასცა. შესაბამისად, ამ ცვლილებებს დღეს აქვს უფრო მეტი ლეგიტიმაცია, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ჰქონდა. კონსენსუსი ღირებულებების დათმობას არ ნიშნავს. კონსენსუსი არ ნიშნავს, უარი ვთქვათ იმ პრივილეგიებზე, იმ უპირატესობებზე, რომელიც ახალ კონსტიტუციას ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ კომპრომისები გავაკეთეთ იმ საკითხებზე, რომელიც ვთვლიდით, რომ ღირებულებების შესუსტებას და ღირებულებების დათმობას არ ემსახურებოდა. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ კონსტიტუციის საბოლოო ტექსტში სადავო საკითხი აღარ დარჩა. ერთადერთი სადავო საკითხი, რაც ოპოზიციასა და მართველ გუნდს შორის დარჩა ეს არის ვადები – დრო, თუ როდის ჩაირთვება პროპორციული საარჩევნო სისტემა. ამ დროზე ჩვენ გვაქვს პასუხი: – პოლიტიკურმა ჯგუფებმა საკუთარი ვიწრო გადაწყვეტილებებით სულ რამდენიმე წლის წინ – 2012 წლის შემდეგ, პარლამენტში გადაწყვეტილება დაბლოკეს და ეს გადავადება სწორედ მათი პასუხისმგებლობაა. ეს გადავადება მათი ბრალია. მათი ბრალია, რომ შემდგომი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა აუცილებლად ამოქმედდება და შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები