თამარ ხულორდავა ვიქტორია ჰორვატს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ვიქტორია ჰორვატთან  გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ელჩმა შეხვედრაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ უნგრეთის აქტიური მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ელჩს აქვს მუშაობის გამოცდილება კერძო სექტორში, ასევე საქმიანობის გამოცდილება აქვს ტურიზმის სფეროში. ეს ის მიმართულებებია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან აქტუალურია. დარწმუნებული ვარ, ის თავისი პირადი   გამოცდილებითაც ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას და ტურიზმის თვალსაზრისით, იმ  ნაკადის კიდევ უფრო გააქტიურებას დაეხმარება, რომელიც საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებობს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, ელჩმა ინტერესი გამოთქვა, „ევროკავშირი და პარტნიორები  – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” კონფერენციაში უნგრეთის მონაწილეობაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში დეკემბერში გაიმართება.

კონფერენცია თბილისში, საქართველოს პარლამენტის ინიციატივით ჩატარდება, სადაც მოწვეულნი არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებისა და ევროპარლამენტის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები