სალომე სამადაშვილი: არსებობს ხალხი, რომელიც იზიარებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობა უნდა მიგვეღო
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმით ქვეყანაში საარჩევნო გარემოს მხრივ საგანგაშო ვითარებას გაესმება ხაზი.
მისივე თქმით, ეს “ნაციონალური მოძრაობის” ერთადერთი მოტივაცია იყო, თუმცა თავად ამას არ ეთანხმება.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მთავარი სუბიექტი არის ამომრჩეველი და მიუხედავად ყველა ბერკეტისა, რაც მთავრობამ გამოიყენა, მათი ამომრჩევლების ნაწილმა ხმა მისცა პარტიას მეორე ტურში გასასვლელად.
“პოლიტსაბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება არის, რომ ჩვენ გვიწევს ბრძოლა არათანაბარ გარემოში არჩევნებზე. სამწუხაროდ, არსებული სისტემა ოპოზიციურ პარტიებს არ აძლევს საშუალებას, რომ არჩევნების გზით მოახდინონ საკუთარი პოლიტიკური თვითრეალიზაცია, საკუთარი ხმების დაცვა. ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჯობდა ჩვენი ამომრჩევლისთვის მეორე ტურთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ არჩევნებში მთავარი სუბიექტი არის ამომრჩეველი და მიუხედავად ყველა ბერკეტისა, რაც მთავრობამ გამოიყენა, ჩვენი ამომრჩევლების ნაწილმა ხმა მისცა პარტიას, რომ გასულიყო მეორე ტურში. ვფიქრობ, მათი პატივისცემა არის ის, რომ მეორე ტურში პარტიამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ჩემი აზრით, ჩვენ ასე უფრო ვცემდით პატივს ჩვენი ამომრჩეველის ნებას საფუძვლიანად, ვიდრე მეორე ტურზე უარის თქმის გზით”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, არსებობდა ასევე პარტიაში აზრი იმის შესახებ, რომ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმით ხდებოდა გამოაშკარავება იმ სისტემის, რომელიც არსებობს.
“იყო აზრთა სხვადასხვაობა. მე ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩევლები იმსახურებენ იცოდნენ, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არსებობს ხალხი, რომელიც იზიარებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობა უნდა მიგვეღო. ჩვენ გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციური კანდიდატის აქტივის მანქანის აფეთქებით დავინახეთ, რომ საუბარი იმაზე, თითქოს ამ არჩევნებზე ჩვენ მონაწილეობა გვიწევდა მშვიდ გარემოში, არის აბსურდი. პარტიის პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ ჩათვალა, რომ როცა ჩვენ უარს ვამბობთ მეორე ტურში მონაწილეობაზე, ამით ხაზს გავუსვამთ, რომ ქვეყანაში შექმნილია საგანგაშო ვითარება, რაც შეეხება საარჩევნო გარემოს. ეს იყო პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია, თუმცა მე მიმაჩნდა, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობით კიდევ ერთხელ გვექნებოდა შესაძლებლობა, სააშკარაოზე გამოგვეტანა ის პრობლემები, რაც დღეს საარჩევნო სისტემაში რეალურად არსებობს”, – განმარტა სამადაშვილმა.