„საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლურ პარტნიორობის ჯგუფში და ამიტომაც გააჩნია ამბიცია ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებისა“

საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლურ პარტნიორობის ჯგუფში და ამიტომაც მას გააჩნია ამბიცია ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიურ საინფორმაციო სააგენტო “Agenzia Nova”-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
ინტერვიუში ჟურნალისტი ინტერესდება თუ რა იყო იტალიაში პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრაზე განხილული მთავარი თემები.
გიორგი მარგველაშვილი ინტერვიუში საქართველო-იტალიის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ვრცლად საუბრობს.
„საქართველო აღმოსავლურ ევროპული ქვეყანაა, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ გაერთიანებისკენ არის მიმართული.
არსებობს პრობლემური საკითხი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება. ამ ზოგადი ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობების ფარგლებში, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა ხელსაყრელი შესაძლებლობის განხილვა, რაც ორმხრივ თანამშრომლობას უფრო ინტენსიურს გახდის.
საქართველოს ყველა საჭირო ინსტრუმენტი გააჩნია, რათა განაგრძოს ევროინტეგრაციის გზაზე სვლა: ასოციაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია, ეს ყველა ინსტრუმენტი ჩვენთვის ხელმისაწვდომია ჩვენი თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ბევრი რამაა რისი გაკეთებაც შესაძლებელია.
არსებობს სავაჭრო ურთიერთობები, ასევე კულტურისა და განათლების სფეროში განვითარების შესაძლებლობები. ამასთანავე ფაქტია, რომ საქართველო იქნება სამხრეთ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილი, სამხრეთ კორიდორის გაზის გავლით და ეს პროექტი იტალიას გარანტირებულად უზრუნველყოფს ენერგეტიკული რესურსებით.
იტალია შეიძლება უფრო მეტად ჩართული იყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის თანამშრომლობაში, ამიტომ იმედი მაქვს ჩემი ამჟამინდელი და მომავალში მაღალი დონის ურთიერთვიზიტებით ურთიერთობებს გავაუმჯობესებთ და მივცემთ იმპულსებს მეტი თანამშრომლობის მისაღწევად.
ჩვენი შეხვედრები აგრეთვე არის შესაძლებლობა პირადად ვისაუბრო საქართველოს მომავალი პოლიტიკის შესახებ, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი პოზიცია წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოების კუთხით აქტიურ მხარეს. ამ წლის დასაწყისში გავმართეთ ორმხრივი ეკონომიკური ფორუმი, რომელმაც დაადასტურა, რომ არსებობს თანამშრომლობის გაზრდის შესაძლებლობები: შესაძლებელია, საქართველოს და იტალიას შორის საჰაერო ფრენების გახშირება; მიღწეული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია, რაც დამატებითი თანამშრომლობის განვითარების საშუალებას იძლევა. იტალია და მისი სხვადასხვა ეკონომიკური ოპერატორები ქართული ბაზრის ბევრ სექტორში არიან წარმოდგენილი: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ყველა ამ სექტორში მეტი განვითარებაა შესაძლებელი და უეჭველად მომდევნო წელს უსაფრთხოებისა და განვითარების ორგანიზაციაში(OSCE) თქვენი სათავეში დგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხელსაყრელი შესაძლებლობა იქნება, კერძოდ, ჩვენს რეგიონში სიტუაციის დასტაბილიზების კუთხით.
საქართველო ევროპასა და აზიას შორის ხიდის როლს ასრულებს: ვისაუბრე ენერგეტიკაზე, მეტი და მეტი ჩართულობა კასპიის ქვეყნებისა ენერგეტიკულ კორიდორში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
არამარტო ეს, აგრეთვე იმავეს ვფიქრობ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ რკინიგზაზე, მაგალითად, “ლაპის ლაზულის” რკინიგზა ავღანეთსა და თურქმენეთს შორის. ამ და სხვა სარკინიგზო მონაკვეთების კავშირს, რომელთა ნაწილი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს შეუძლიათ
ევროპა და აზია ერთმანეთთან დააკავშირონ. ბევრი შესაძლებლობაა განსავითარებელი და იმედი მაქვს ეს შეხვედრები ამ პროექტებში იტალიის მეტ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლურ პარტნიორობის ჯგუფში და ამიტომაც მას გააჩნია ამბიცია ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებისა.
საქართველო ევროპული ქვეყანაა, მაგრამ საჭიროებს დამატებითი ინსტრუმენტებს ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებისთვის და ამისთვის ვიმედოვნებთ, რომ აღმოსავლური პარტნიორობა შესაბამის შესაძლებლობებს მისცემს ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, რომლებსაც მიზნად ევროინტეგრაცია აქვთ დასახული.
აღმოსავლური პარტნიორობა ისეთ კონტექსტში მუშაობს, რომელშიც რაც მეტი ინსტრუმენტი იქნება ხელმისაწვდომი, მით მეტი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი.
ეს საუბარი არამარტო აღმოსავლურ პარტნიორობის ჯგუფს, არამედ ნატო-ს მომდევნო სამიტსაც ეხება. ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა დამატებითი მესიჯი გავაგზავნოთ ნატოს შავი ზღვის რეგიონში ყოფნის შესახებ. შავი ზღვა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. თუ დააკვირდებით საქართველოს სანაპირო ტერიტორიებს და რეგიონის გეოპოლიტიკას, შეამჩნევთ, რომ ქვეყანა გადაჰყურებს მნიშვნელოვან აზიურ ეკონომიკურ მხარეებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა რეგიონის მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფა. შავი ზღვის თემასთან დაკავშირებით დიალოგის გახშირება ნატო-ს კონტექსტში და ატლანტიკური ალიანსის დამატებითი საქმიანობა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია სავაჭრო მონაკვეთების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, იმ მონაკვეთებისა, რომლებიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს ერთმანეთთან აკავშირებს და აგრეთვე მათი, რომლებიც Belt and Road -ის კონვენციის ინიციატივის ნაწილს წარმოადგენენ.
ასე, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ, იტალიის ჩათვლით, რათა წარმოვადგინოთ რეგიონის ჩვენეული ხედვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იტალიის ხელისუფლება ცნობს საქართველოს როგორც სახელმწიფოს, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების გარანტია; რომელიც ეძებს ხელსაყრელ შესაძლებლობებს ამ არეალის პრობლემების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის; რომელიც კავშირებში ბევრ ინვესტიციებს დებს, როგორც კომუნიკაციების ისე ტრანსპორტირების კუთხით და რომ წარმოვადგენთ სანდო პარტნიორს, რომელიც ევროაზიური ურთიერთობების სტაბილურობას უზრუნველყოფს.
საქართველო წარმოადგენს მყარ პარტნიორს, კერძოდ იმიტომ, რომ წარმოადგენს ისეთ ქვეყანას, რომელიც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილებს: ერაყის მისიებიდან მოყოლებული, აგრეთვე ავღანეთსა და აფრიკაში საერთაშორისო ოპერაციებში ვიღებთ მონაწილეობას. ამით გიჩვენებთ, რომ გაგვაჩნია ხედვა, რომ ამ ხედვას ვუძღვნით თავს და რომ ვართ პასუხისმგებლიანი პარტნიორი. გვსურს ჩვენს პარტნიორებს ჩვენი მომავლის ხედვა წარვუდგინოთ“, -აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები