საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, 21 ოქტომბერს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება
„21 ოქტომბერს პოლიტიკური პარტიების, როგორც ფასიანი ასევე უფასო რეკლამების განთავსება სატელეზიო და რადიო ეთერით იკრძალება“, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღევანდელ შემაჯამებელ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც თამარ ჟვანიამ განმარტა, ასევე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე.
ცესკო-ს თავმჯდომარე ამომრჩევლებს და ასევე საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს მოუწოდებს, არ გამოცხადდნენ უბანზე პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო-სააგიტაციო ატრიბუტიკით.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედება შეიძლება გახდეს ფულადი ჯარიმის საფუძველი.
გარდა ამისა, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება.
ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს მიმართა, რომ პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე, საჩივრით შესაბამის საუბნო- საარჩევნო კომისიას უნდა მიმართონ, ხოლო თუ არ მოხდება საჩივარზე რეაგირება, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე განცხადება-საჩივრით დაუყოვნებლივ ზემდგომ საოლქო-საარჩევნო კომისიას მიმართოს.
თამარ ჟვანიას თქმით, ცესკოში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი, რომელიც საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს შეეხება, კანონმდებლობის თანახმად, განუხილველი დარჩება.