სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გ.გ.-ს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია.
დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი – გ.გ.-ს კუთვნილი სანადირო თოფი.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 8 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ.გ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ სახლში სანადირო თოფიდან ესროლა ძმას -კ.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული ჭრილობის შედეგად კ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.გ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით განუსაზღვრა.