საგამოძიებო სამსახური GEM FEST-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს

0

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში, შპს „არტ პლატფორმას“ მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის – GEM FEST ფარგლებში, შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების პროცესში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მოსამართლის განჩინებების და შესაბამისი დადგენილებების საფუძველზე, ამოღებულია GEM FEST-ის ორგანიზებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფესტივალის ორგანიზატორების და აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული მეწარმეების გამოკითხვა. გამოძიების პროცესში, 2017 წლის 18 აგვისტოს, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, მოწმის სტატუსით გამოიკითხა შპს „არტ პლატფორმას“ დირექტორი – გიორგი სიგუა.
მოპოვებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ასევე მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, გატარებული იქნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
აღნიშნული საქმის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ. ამასთან, საგამოძიებო სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიიდან ამოღებული კონკრეტული დოკუმენტაციის ასლები შპს „არტ პლატფორმას“ გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი