“ინიციატივას, რომელიც ე.წ. ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედებას ეხება, აქვს თავისი პლუსებიც და მინუსებიც”

 “საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილ ინიციატივას, რომელიც ე.წ. ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედებას ეხება, აქვს თავისი პლუსებიც და მინუსებიც”, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ​როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, მინუსი არის ის, რომ ეს გამოიწვევს სასამართლოს ძალიან დიდ გადატვირთულობას, ხოლო პლუსი არის ის, რომ ეს იქნება დამატებითი ბერკეტი, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
„მე წინააღმდეგი ამის არ ვარ, თუმცა თუ გაკეთდება, ძალიან ფრთხილად არის გასაკეთებელი და ალბათ ეტაპობრივად უნდა მოხდეს, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, დაახლოებით ათი წელი მაინც არის, რაც ეს იდეა საქართველოში განიხილება. ​“ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილებები საჩივრდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს წინადადება, თუ არ მეშლება, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო დაყენებული და ერთ-ერთ განსახილველ ვერსიად არის მონიშნული. დღეს მიმდინარეობს საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ის შეხვედრა, რომელზეც ეს საკითხი უნდა იყოს განხილული და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები