ვაშინგტონი რუსეთს სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების განთავსებაში ადანაშაულებს

რუსეთმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები განათავსა, რითიც საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების შესახებ შეთანხმება დაარღვია. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პოლ სილვამ განაცხადა.
„ეს სისტემები ევროპაში ჩვენი ობიექტების უმეტესობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსებმა ის განგებ განათავსეს, რათა ნატოს და ნატოს ობიექტებისთვის საფრთხე შეექმნათ“, – განაცხადა გენერალმა სილვამ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ასეთი ტიპის რაკეტების განთავსების შესახებ ამერიკელი სამხედროები ხმამაღლა პირველად საუბრობენ. პენტაგონის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, აღჭურვილია თუ არა რაკეტები ბირთვული იარაღით.
რამდენიმე დღის წინ, გაზეთი “New York Times”-ი წერდა, რომ რუსეთმა საიდუმლოდ განათავსა ფრთოსანი რაკეტები, რითიც 1987 წელს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები