ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთთან მიმართებაში პოზიცია გაამკაცრა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთთან დაკავშირებით პოზიცია გაამკაცრა. ამის შესახებ გამოცემა “The Wall Street Journal”-ი წერს. გამოცემა იუწყება, რომ ამ ფაქტმა ევროპელი მოკავშირეების დადებითი გამოხმაურება გამოიწვია, ხოლო მოსკოვის მხრიდან შეშფოთება მოჰყვა. არჩევნების შემდეგ კი პირიქით იყო – ტრამპის გამარჯვება მოსკოვში გაუხარდათ, ხოლო ევროპაში ამას გარკვეული შიშით შეხვდნენ.
„საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების ინიციატივით გამოდიოდა და ნატოს აკრიტიკებდა, მაგრამ ინაუგურაციის შემდეგ, მან რამდენიმე თანაშემწე დაინიშნა, რომლებიც მოსკოვთან ხისტი პოზიციის მომხრეები არიან. ახლა უკვე ტრამპიც აკეთებს განცხადებებს ნატოს და მოკავშირეების სასარგებლოდ. ამან გაიჟღერა კონგრესში მისი სიტყვით გამოსვლის დროს“, – წერს “The Wall Street Journal”-ი.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის პოლიტიკაში ცვლილება იმ დროს მოხდა, როდესაც ტრამპს და მის გარემოცვას ამერიკული მედია რუსეთთან კონტაქტებში ადანაშაულებს. მედიაში ჯერ კიდევ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვი აშშ-ის საშინაო საქმეებში ჩარევას ცდილობდა.