შვედეთში სავალდებულო სამხედრო სამსახური აღადგინეს

შვედეთის მთავრობამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, მარინეტ რადებომ განაცხადა, ერთ-ერთი მიზეზი „რუსეთის სამხედრო აქტივობაა“.
სავალდებულო სამხედრო სამსახური 2018 წლიდან აღდგება. სამხედრო სამსახურში 4 ათას მამაკაცს და ქალს გაიწვევენ, რომლებსაც 13 ათასი კანდიდატიდან აირჩევენ.
სავალდებულო სამსახურის ხანგრძლივობა 9-დან 12 თვემდე იქნება. შვედეთში სავალდებულო სამხედრო სამსახური 2010 წლამდე არსებობდა. შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ მამაკაცებს იწვევდნენ.
ცნობისთვის, შვედეთი და მეზობელი ფინეთი ნატოს წევრები არ არიან. ეს ქვეყნები ალიანსთან „აქტიური თანამშრომლობის“ ფაზაში არიან.
შვედეთის და ფინეთის ნატოსთან დაახლოებას რუსეთი ნეგატიურად აფასებს. 2016 წელს ფინეთში ვიზიტის დროს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ ეს ქვეყანა ნატოში შევა, რუსეთი მის საზღვართან დამატებით ქვედანაყოფებს განათავსებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები