ტრამპი კონგრესს მიმართავს და ეკონომიკისთვის ერთ ტრილიონ დოლარს სთხოვს (ვიდეო)

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების კონგრესს სიტყვით მიმართა და ეკონომიკის განვითარებისთვის 1 ტრილიონი დოლარი სთხოვა. ასევე მან პირობა დადო, რომ მიგრანტების მიღების სისტემას შეცვლის. ამის შესახებ „ბი ბი სი’ იუწყება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა ნატოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

„ჩვენ ბოროტებასთან და სიძულვილთან ბრძოლას ერთობლივად გავაგრძელებთ. ჩვენი მოკავშირეები დაინახავენ, რომ ამერიკას კვლავ შეუძლია, რომ სხვა ქვეყნებს გაუძღვეს“, – აცხადებს ტრამპი.

ამასთან, ტრამპმა მოკავშირეებს ნატოს ფარგლებში აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას ჯანდაცვის პროგრამას შეეხო და აღნიშნა, რომ Obamacare-ი “ყველას დაზღვევით” შეიცვლება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთავარ ამოცანად ტრამპი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დანაშაულთან ბრძოლას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ასახელებს.

„ჩვენ ახლო აღმოსავლეთში, ბოლო წლებში, 6 ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ, ინფრასტრუქტურა კი ქვეყნის შიგნით ინგრევა. ამ თანხებით ჩვენს ქვეყანას ორჯერ, სამჯერ თავიდან ავაშენებდით. ამიტომ მე კონგრესს ვთხოვ, ეკონომიკაში ერთი ტრილიონი დოლარის ინვესტირების პროექტი დაამტკიცოს. ეს პროექტები როგორც ქვეყნის ბიუჯეტიდან, ასევე კერძო კაპიტალით დაფინანსდება და მილიონობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის”,
– განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე საშუალო ფენისთვის გადასახადების დაწევის პირობა დადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები