ტრამპის ქალიშვილმა და სიძემ პრეზიდენტს კლიმატის შესახებ შეთანხმებიდან გასვლა გადააფიქრებინეს

დონალდ ტრამპის ქალიშვილმა, ივანკა ტრამპმა და სიძემ, ჯარედ კუშნერმა პრეზიდენტს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გასვლა გადააფიქრებინეს. ამის შესახებ გაზეთი “The Wall Street Journal”-ი იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ივანკა ტრამპი მიიჩნევს, რომ გლობალური კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა მამამისის ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს. ამ მოსაზრებას ივანკას მეუღლეც იზიარებს. WSJ-ის ანალიტიკოსები კი ამაში პრეზიდენტზე მისი ქალიშვილის და სიძის გავლენის გაზრდას ხედავენ.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა გლობალური დათბობის თეორია არაერთხელ გააკრიტიკა. ასევე, მან წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების დიდი მომხრე არ არის და „მასში აშშ-ის მონაწილეობის საკითხს გადახედავს“.
კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება 2015 წელს იყო გაფორმებული. მას 195 ქვეყანამ მოაწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, ეს სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, რომ 2100 წლისთვის დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ დღევანდელთან შედარებით 2 გრადუს ცელსიუსზე მეტით არ უნდა მოიმატოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები