ესტონეთი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მხარდაჭერას უცხადებს

“ესტონეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მზად არის, ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად დაეხმაროს”, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა კერსტი კალიულაიდს ესტონეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობას პოზიტიური დინამიკის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წელს ესტონეთი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა ხდება.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ ესტონეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი პრიორიტეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონეთის პრეზიდენტს საქართველო-ევროკავშირის სავიზო ლიბერალიზაციის დიალოგის პროცესში შეტანილი აქტიური წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. გიორგი კვირიკაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში წარმატებით ინერგება საგადასახადო სისტემის ე.წ ესტონური მოდელი, რომელიც რეინვესტირებული მოგების  გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
საუბარი ასევე შეეხო ღია მმართველობის რეფორმას საქართველოში, რომელიც ესტონურ გამოცდილებას ეფუძნება და ესტონელი ექსპერტების ჩართულობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები