ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი მუშაობას დღეს დაასრულებს

ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშესაწყობად, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, დღეს, ერთობლივ რეზოლუციას მიიღებენ.
კომიტეტის მეოთხე სხდომა, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მონაწილეობენ დღეს დასრულდება.
საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრები დღეს, საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზებზე და სოციალურ პოლიტიკასა და მასთან დაკავშირებულ რეფორმებზე იმსჯელებენ.
საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზებზე მოხსენებას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ხოლო, სოციალურ პოლიტიკასა და მასთან დაკავშირებულ რეფორმებზე კი, დელეგაციის წევრები აკაკი ზოიძე და ბექა ნაცვლიშვილი წარადგენენ.
„დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშესაწყობად, საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღება”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
სხდომაზე უკვე განიხილეს ასოცირების შეთანხმების განხორცილების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, საარჩევნო გარემო, კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობა, სასამართლო რეფორმა, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მედიის თავისუფლება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გამოყენების პერსპექტივები, სოფლის მეურნეობის განვითარება.
„გუშინ იყო ნაყოფიერი შეხვედრა სადაც საუბარი გვქონდა ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ჩვენ გავაკეთეთ მოხსენება იმ ანგარიშის შესახებ, თუ როგორია ჩვენი ქვეყნის მიღწევები, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლებმა დაადასტურეს”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
სხდომაზე, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეხუთე სხდომის გამართვის ადგილი და თარიღიც განისაზღვრება.
კომიტეტის სხდომის ორდღიან მუშაობაში, დელეგაციის ხელმძღვანელთან, თამარ ხულორდავასთან ერთად, აკაკი ზოიძე, ოთარ დანელია, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი მოსიძე, გუგული მაღრაძე, სალომე სამადაშვილი, გიორგი ტუღუში და ოთარ კახიძე მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები