თამარისის მეცამეტე და მეთხუთმეტე ბინის მცხოვრებლებს სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები მოუგვარდებათ

 დაბა თამარისის მეცამეტე და მეთხუთმეტე ბინის მცხოვრებლები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდნენ. დავით შერაზადიშვილს ადგილობრივებმა მათ კორპუსებში არსებული პრობლემის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მათი განმარტებით, რამდენიმე თვეა, სასმელი წყლისა და კანალიზაციის პრობლემა აწუხებთ. დღეს კი აღნიშნული საკითხის მოგვარება მუნიციპალიტეტის გამგებელს სთხოვეს.
დავით შერაზადიშვილმა მათი პრობლემები ბოლნისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელთან და გაერთიანებული წყალმომარაგების ბოლნისის სერვისცენტრის ტექნიკურ უფროსთან ერთად მოისმინა. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსებში სასმელი წყლის შიდა ქსელი მთლიანად შეიცვალა, ამ ორი კორპუსის მცხოვრებლებს ისევ ძველი, ამორტიზებული სისტემით უწევთ სარგებლობა. ისინი ახალ ქსელზე დაერთებისთვის დახმარებას ითხოვენ.
მეცამეტე და მეთხუთმეტე ბინის მცხოვრებლებს კანალიზაციის პრობლემაც აწუხებთ. მოძველებული სისტემის გამო, სარდაფები წყლით ივსება. დაბის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის გამგებელი პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან, რის შემდეგაც, პრობლემის საბოლოოდ მოგვარებამდე, შეისყიდიან პროექტს, რასაც კონკრეტული სამუშაოები მოჰყვება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე ადგილობრივ მცხოვრებლებს დაბა თამარისში წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტზეც მიაწოდა ინფორმაცია. დაბა თამარისის მოსახლეობას აღარ შეაწუხებს სასმელი წყლის დებეტის სიმცირე, რადგან ადგილობრივი ბიუჯეტით, დაბისთვის ახალი, 5-კილომეტრიანი სასმელი წყლის მაგისტრალის გაყვანა განხორციელდება, რაც საბოლოოდ მოაგვარებს დასახლებაში სასმელი წყლის საკითხს. ,,დღეს შევხვდით დაბა თამარისის მოსახლეობის წარმომადგენლებს. დასახლების 2 კორპუსს აქვს სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები.
მოგახსენებთ, რომ მათი რეაბილიტაცია წლევანდელი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს. მოსახლეობას აღუქვით დახმარება. ასევე, ვისაუბრეთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც მოსახლეობას აწუხებდა. ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა ამ საკითხს ეტაპობრივად მოვაგვარებთ. აქვე გეტყვით, რომ წელსვე იგეგმება ახალი 5-კილომეტრიანი სასმელი წყლის მაგისტრალის გაყვანა დაბა თამარისისთვის და ჩვენი გათვლებით, ზაფხულის სეზონზე სასმელი წყლის საკითხი დაბისთვის საბოლოოდ მოგვარდება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები