ფარული მიყურადების შესახებ კანონის შესაცვლელად სამუშაო ჯგუფი ახალ კანონპროექტს წარადგენს

ფარული მიყურადების შესახებ კანონის შეცვლაზე მომუშავე ჯგუფი პარლამენტს კანონპროექტს წარუდგენს, რომლის მიხედვით ე.წ. გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნილ სსიპ-ში განთავსდება. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტი უპრეცენდენტო დაცულობის გარანტიას იძლევა და სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.
“პროექტში ჩადებულია უსაფრთხოების გარანტიები, ჩვენი საზოგადოება იქნება დაცული. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უპრეცედენტო მექანიზმებია შემოღებული, სასამართლო კონტროლს ემატება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი და ამას ემატება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სააგენტო. ეს ყველაფერი გვაძლევს უპრეცენდენტო დაცულობის გარანტიას”, – აღნიშნა მდინარაძემ.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე აცხადებს, სსიპ-ის ხელმძღვანელს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება.
“მას პრემიერ-მინისტრი დანიშნავს კომისიის წარდგენით. კომისიაში იქნებიან პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე”, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
მდინარაძის თქმით, საქართველოს არ აქვს ექსპერიმენტების დრო, რადგან არასაპარლამენტო ორგანიზაციების ინიციატივა, რაც დამოუკიდებელ ორგანოს შექმნას ითვალისწინებს, არცერთ სახელმწიფოში არ არის განხორციელებული.
“პროექტი, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ ყოფილა და არც დღეს არის, არ შეიძლება მოწონებული იყოს, რადგან უსაფრთხოების ძალიან მწვავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. შესაბამისად ჩვენ ამ ყველაფერს ადეკვატურად ვუპასუხეთ”, – აღნიშნა მდინარაძემ.
პარლამენტში მთავრობის, პარლამენტის, პრეზიდენტის და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ დახურულ სხდომაზე მსჯელობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები