ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: ჩვენ ზუსტად ისევე გვადარდებს ჩვენი თანამემამულის ბედი, როგორც თითოეულ თქვენგანს

 როცა ემოციურად ვსაუბრობთ, ისე არ გამოვიყვანოთ, რომ ვიღაცას ვიღაცაზე მეტად ადარდებს საქართველოს მოქალაქის – ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გიორგი ცერცვაძის საქმეზე ოპოზიციის წარმომადგენლების საპასუხოდ განაცხადა. “ევროპული საქართველო’” აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში სამი – საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ითხოვს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი მუშაობს რეგლამენტის შესაბამისად და რეგლამენტის შესაბამისად წარიმართება პროცედურები. „ჩვენ გვაქვს რეგლამენტი. საქართველოს პარლამენტი მუშაობს რეგლამენტის შესაბამისად და რეგლამენტის შესაბამისად წარიმართება პროცედურები, მათ შორის ის, თუ როგორ უნდა მოვიწვიოთ ჩვენ მინისტრი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, განისაზღვრება სწორედ რეგლამენტით. აქ არის დაყენებული მოთხოვნა, რომელიც არ შეესაბამება რეგლამენტით დადგენილ პროცედურებს, არ შედის ბიუროს კომპეტენციაში. ვის აქვს მინისტრის მოწვევის უფლება, ესაა მკაცრად გაწერილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. როცა ემოციურად ვსაუბრობთ, ისე არ გამოვიყვანოთ, რომ ვიღაცას ვიღაცაზე მეტად ადარდებს საქართველოს მოქალაქის და ჩვენი თანამემამულის ბედი – ასე გამოდის რატომღაც და ასე ნამდვილად არ არის. ზუსტად ისევე გვადარდებს ჩვენ ჩვენი თანამემამულის ბედი, როგორც თითოეულ თქვენგანს. ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები, ჩვენი მანდატის ერთ-ერთი უმთავრესი მისია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქე დავიცვათ, მით უმეტეს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაზეც ვსაუბრობთ. ეს არის ჩვენი ინტერესი, მაგრამ ბიუროს სხდომას აქვს თავისი რეგლამენტი. ბიუროს სხდომის დასრულებისთანავე შეგვიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ბიუროს ფორმატს ვერ გავცდებით, მათ შორის რაც შეეხება მოთხოვნის დაყენებას, აქაც ვერ გავცდებით რეგლამენტს და პროცედურებს. მინისტრის მოწვევას აქვს თავისი წესი. ჩვენი პოზიცია და სურვილი არის ის, რომ მაქსიმალურად შესწავლილი იყოს საკითხი და მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქის ინტერესები. ეს არის პოზიცია და სურვილი, დანარჩენი უნდა წარიმართოს რეგლამენტის და პროცედურის შესაბამისად“, – მიმართა კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს. უმრავლესობის წარმომადგნელებმა ოპოზიცია გიორგი ცერცვაძის საქმის პოლიტიზირებაში დაადანაშაულეს. ირაკლი სესიაშვილსა და ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები