ღამის საათებში ხმაური თბილისში დასჯადი გახდება ​

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, საკრებულოს წევრის თედო კობახიძის ინიციატივით, ხმაურის შესახებ ახალი მუხლი ემატება. ცვლილების მიზანს ღამის საათებში სიმშვიდის უზრუნველყოფა წარმოადგენს. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო კობახიძის ინიციატივაზე დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში სპეციალურად შექმნილი ჯგუფი მსჯელობს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრება საათები, როცა ხმაური დასჯადი იქნება. ხმაურით შეწუხებულ მოქალაქეებს 112-ში დარეკვა და პატრულის გამოძახება შეეძლებათ.
თევდორე კობახიძემ განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული მიმართულებით არსებული რეგულაციების თაობაზე მოკლე ანალიზი გააკეთა და განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, რომელზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი, ხმაურზე შესაბამისი რეგულირების დაწესებას ჩვენს ქვეყანას პირდაპირ ავალდებულებს.
“პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ხმაურის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. არამარტო თბილისის არამედ საქართველოს მასშტაბით ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობისგან არის მოთხოვნა, რომ ეს პრობლემა მოექცეს რეგულირების ჩარჩოებში.მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი ამ საკითხს კანონის ფარგლებში დაარეგულირებს”, – განაცხადა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები