„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“: ახალი მუსიკის საღამო გაიმართება

16 დეკემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ფესტივალ „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების” ფარგლებში ახალი მუსიკის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ნორვეგიაში მოღვაწე მევიოლინე, კომპოზიტორი და საუნდ არტისტი კოკა ნიკოლაძე მსმენელს საკუთარი ხელით შექმნილ ინსტრუმენტებს გააცნობს. ასევე მოახდენს სხვადასხვა გამოგონებისა და ტექნოლოგიების რეალურ დემონსტრირებას.
კოკა ნიკოლაძე ოსლოს მუსიკის აკადემიის კომპოზიციისა და მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტია. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში და შტუტგარტის საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში. ეწეოდა სოლო და კამერულ საკონცერტო მოღვაწეობას ევროპასა და ამერიკაში. შექმნა ელექტრო აკუსტიკური მუსიკალური ნაწარმოებები სხვადასხვა ანსამბლისთვის და 2 ოპერა, რომლებიც ხშირად სრულდება ევროპის სცენებზე.
საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, უკვე მეცხრამეტედ ტარდება. ფესტივალი, რომელიც მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს დაარსდა, „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 14 – 28 დეკემბერს მიმდინარეობს.
ფესტივალის განმავლობაში დიდი დარბაზის ფოიეში გურამ თიკანაძის 50-იანი წლების ფოტოგამოფენაა წარმოდგენილი.
ბილეთები იყიდება კონსერვატორიის სალაროში და საიტზე: http://tkt.ge/musicfest.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები